თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან და საკრებულოს მაჟორიტარ წევრთან ვლადიმერ ძნელაძესთან ერთად ოქროყანაში დაავადებული და გამხმარი ხეებისგან გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.
ტყის აღდგენის ღონისძიების ფარგლებში 1000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის ხე-მცენარე დაირგო.
აღნიშნული ტერიტორია ხეების დაავადების გავრცელების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე საშიშ კერას წარმოადგენდა და აქ პრევენციის მიზნით მხოლოდ 10 000 დაავადებული ხე მოიჭრა.
ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის შემდეგ კი ტყის ეტაპობრივად აღდგენის პროცესი დაიწყო და აქ 10 000 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარის დარგვა იგეგმება.
გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. მცენარეების დარგვის შემდეგ მათ შემდგომ მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ.
2016 წელს თბილისის მასშტაბით 180 000 ნერგის დარგვაა დაგეგმილი. საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი, ხოლო შემოდგომაზე სეზონური რგვების ფარგლებში კი 100 000 ხე-მცენარე დაირგვება.